საკუთარ თავში აღარ ვეტევი


გიგა,

ყველაფერი ერთად ჩავიტიე თითქოს უცებ. ცაც, დედამიწაც, ფერებიც, სიტყვებიც, მიწაც, ცეცხლიც და წყალიც.
თითქოს ძალიან დიდი ხანი ჩუმად ვიყავი და ვისრუტავდი გარემოს შავი ხვრელივით. მარტო ეხლა განათდა შიგნიდან ყველაფერი და დავინახე რამდენი რამე ვშთანთქე .

მინდა უზარმაზარი ფუნჯი ავიღო და ცაზე დავიწყო ხატვა და წერა, მინდა ფერები გადმოვღვარო სულიდან და მერე ფერად საღებავებში გავცურო შორს… ძალიან შორს…
მინდა საკუთარი თავი იმდენად გამოვხატო, რომ უკეთ გავხდე, ამდენი აზრი და გრძნობა აღარ მეტევა. მიყვარდა და როცა ეს სიყვარული ქრება ალბათ მაშინ იწყება ყველაფრის სხვა თვალით დანახვა. იმის გააზრება, რომ ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ დამთავრდა და რაღაც ცხელის და მთავარის ცენტრში კი აღარ დგახარ დაბნეული, გარკვევით ხედავ რაც ხდებოდა ამ ხნის განმავლობაში შენში და საღად აზროვნების უნარს იბრუნებ.

პოეტურად გეჩვენება ის, რაც არის კიდეც პოეტური, როცა თავის სიმძაფრეს კარგავს.
ხანდახან როგორ მინდა ჩემს ჩარჩოებზე მაღლა დავდგე, წყალივით ყველაფერს მოვედო, ყველაფერი ჩემი სიძლიერით შევძრა და მე ხელშეუხებელი დავრჩე, მინდა სამყაროს შევეხო და სამყარო შემეხოს, მაგრამ არ ვიყო სალომე, ვიყო დამოუკიდებელი ყველა ჩარჩოსგან, მაგრამ მაინც მე…
კაზანოვას “ჩემს თავგადასავალს” ვკითხულობ:))… კაცის, მექალთანის დანახული სამყარო და ქალები… მისი ძალიან კარგად მესმის და ვგიჟდები, რომ მესმის. მესმის მისი რჩეული ქალების, ამ ქალებზე შეყვარებული სხვა კაცებისაც და საერთოდ ყველასი და ეს მაშინებს. მაშინებს, რომ ადამიანის გონება და არსი სინამდვილეში ყველაფერზე მაღლა დგას მართლა და ყველაფრის გაგება შეუძლია, თუმცა ხანდახან შიშის გამო არ უნდა გაიგოს…

რაღაც ისტორიის უკანასკნელი, გულისდამწყვეტი ამოსუნთქვა. იხსენებ, აღარ გტკივა, მაგრამ ბუნებრივად გეტირება. ტირილი გინდა, იმიტომ, რომ გეშინია. გეშინია, რომ მორიგი გულწრფელი გრძნობა წავიდა საბოლოოდ და არ იცი ახალი როდის მოვა, თუ საერთოდ მოვა ოდესმე… გეშინია, რომ უბრალოდ არ შეგძლებია შეყვარება, თავდავიწყება, პატიება, თავმდაბლობა, მოთმენა…
ლამაზია ტკივილი, როგორც მტკივნეულია ყოველი დილა, რომელიც გაიძულებს თავიდან დაიწყო მოძრაობა, აზროვნება, აღიარო, რომ ისევ გათენდა და ისევ ცოცხალი ხარ.
ლამაზია ტკივილი, იმიტომ რომ დილასავით გაიძულებს რაღაც გაიაზრო, გაუძლო და აღფრთოვანდე. ტკივილმაც მიჩვევა იცის…
აღარ ვეტევი საკუთარ თავში, თუმცა რა მიმართულებით გადმოვხეთქო არ ვიცი, ან ვის აინტერესებს რა იმალება ჩემში, როცა ყველას თავისი გაჭირვებია.
მინდა გველად ვიქცე და სველი ბალახები მოვისრიალო, მერცხალივით დაუღალავად გადავსერო და გადმოვსერო ცა, ჩემი პატარა ნათლულივით ფართოდ გავახილო თვალები ყოველი გაღვიძებისას და ჩემს წინ მჯდომი ადამიანი იყოს ჩემთვის ყველაფერი, როგორც მათესთვის ვიყავი მე ყველაფერი სულ 2 წუთით, როცა გაიღვიძა და მიყურებდა. მაშინ მათეც ყველაფერი იყო ჩემთვის …
როგორ მინდა არ ვიყო მარიაჟი, ცანცარა, ყალბი, მატყუარა, შეშინებული, უაზრო, ზარმაცი, მაგრამ ვარ…
ამ დღეებში თუ იწვიმებს, გარეთ გავალ და თავიდან ფეხებამდე გავილუმპები.
რაღაც უაზრო ლექსი დავწერე…

გრძელი ბნელი გველი
ჭრელი გრძნობის ველი

შეისუნთქა ქაფმა
აკინძული დაფნა

მაწყვეტინებს სიტყვას
კითხვა – ვითომ მიყვარს?

შენად ქცევას მიშლის
დაფოთლილი შიში

ამღვრეული სისხლი
შენთან ფერებს იცვლის

შენი სუნით სუნთქავს
რაც სამყაროს უთქვამს.

ჩამოვრეცხე შენი
ნაფეხურის ლაქა.

ჩვენი ჭრელი ბადე
წყლისფერ შუქში გაქრა

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s