ადამიანები 2


ადამიანები 1-ს შემქმნელის მეგობრისაგან! 😀

გიგა,

ისე მოხდა, რომ შენ მე განწყობა გადმომდე:)  ან მქონდა უკვე და ვერ ვამჩნევდი. მოდი, შენ პოსტზე პასუხის სახეს მივცემ ამ ყველაფერს;) მოკლედ ადამიანები…

ნელ-ნელა გამოვდივარ იმ ასაკიდან, როცა სამყაროში ყველაფერი ახლად და იდუმალად გეჩვენება. როცა გგონია, რომ შენ შეცვლი ბევრ რამეს და რომ შენ განსაკუთრებული ხარ. თუმცა, ეს ალბათ ასაკის ბრალი არ არის. უბრალოდ რაღაც ესეთი პერიოდები მაქვს ხოლმე, როცა ვფიქრობ: ამდენი გადაიტანა დედამიწამ, ამდენი ვნება, სევდა, სიხარული… როგორ არ გაცვდა? რა უნდა ვიგრძნო, ვთქვა, დავწერო ან გავაკეთო ახალი? ყველაფერი გადაღეჭილია, ყველა თემა, სიყვარულიც და სიძულვილიც. ასეთ დროს უსუსურობის შეგრძნება მიპყრობს და ვგრძნობ, რომ ერთი პატარა ნაწილაკი ვარ უზარმაზარი ადამიანური მასისა.

მერე როგორც ქალებს გვჩვევია ხოლმე, სულ საპირისპირო განწყობაზე ვდგები და ყველაფრის უნიკალურობაზე ვიწყებ ფიქრს. თუნდაც სიყვარულის სხვადასხვანაირობის. როგორი გაცვეთილი თემაა ეს უბედური „სიყყვარული“. ყველა ცდილობს განმარტება მოუძებნოს, რომელიც რა თქმა უნდა არ არსებობს. მე მყვარებია მშვიდად და ძალიან მყვარებია. სხვას ყვარებია გიჟურად. ამის გამო ადამიანები ხშირად ვედავებით ერთმანეთს და ვეჭვიანობთ. გვინდა ყველას ისე ვუყვარდეთ, როგორც ჩვენ გვიყვარს. იმ სიძლიერით კი არა, უბრალოდ ზუსტად ისე! არადა, ეგრე არ გამოვა…

სინამდვილეში სამყარო სულ სხვადასხვანაირი ადამიანების გადათელილია. ჭრელი და საინტერესო. დღეს ვიდექი ფანჯრის წინ და ვაცნობიერებდი, რომ გამოკეტილი ვარ საკუთარ ნაჭუჭში. იძულებული ვარ ვიყო ერთი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე და ხანდახან ეს გაუსაძლისად მტკივნეულია. მტკივნეულია, რომ ვერ გაექცევი საკუთარ თავს და მარტოობას. გინდა გაიშალო და გაიფანტო. ხანდახან მთელი სამყარო მე მტკივა თითქოს და მინდა ეს ტკივილი ჩემი არსების გარეთ გავიდეს, გაფართოვდეს და გაქრეს. ვუყურებდი ალვის ხის ტოტებში გაბლანდულ თეთრ, ნაშუადღევ მზეს და მტკიოდა, მტკივნეული მზე იყო და მტკივნეული ხე…

სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა ჩემთვის, როცა საშინლად მინდება სხვა ადამიანის ტყავში გახვევა, მის არსებაში შეღწევა და ბოლომდე შესუნთქვა იმისა, რითიც ის სუნთქავს. მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს, რომელიც არ გვიშვებს ადამიანებს ერთმანეთთან ბოლომდე ახლოს. არ გვაძლევს საშუალებას ერთმანეთში ბოლომდე ავითქვიფოთ, ერთმანეთის სევდაში შევაღწიოთ და რამე არსებითი შევცვალოთ. მათემატიკურ ზღვარს გავს, უახლოვდები უსასრულოდ, მაგრამ ვერასდროს უტოლდები. მაგრამ ამ დაახლოებას არაფერი ჯობია…

ქალი ვარ… უცნაური რამეა სქესი:) რამდენი უაზრო კომპლექსი არსებობს, რასაც ქალს და კაცს იარლიყად აკერებენ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით მე ყველასთვის უინტერესო ქალი ვარ:)

„ქალი უნდა იყოს, საიდუმლოებებით აღსავსე და ამოუცნობი“…:) ანუ ქალმა უნდა განსაზღვროს გულწრფელობის დონე და ფრთხილად იყოს საპირისპირო სქესს ზედმეტი არ გაუმხილოს. არადა გულწრფელობა ერთ-ერთი იმ თვისებათაგანია, რომელსაც უბრალოდ ვერ შეველევი, თუნდაც ამის გამო ბოლოს მიტოვებული და მარტოსული ქალი გავხდე.

და საერთოდ ხანდახან მინდა საკუთარ სქესზე უფრო მაღლა დავდგე, არ ვითხოვდე მუდმივად მამაკაცების ყურადღებას, არ მჭირდებოდეს გაუთავებელი კომპლიმენტები, სურვილით სავსე მზერები და მზრუნველი ჩახუტება, მაგრამ ვრჩები სადღაც ქალობასა და ადამიანობას შორის გაჩხერილი და დაბნეული… მარტო ჩემი გულწრფელობის და დაგროვილი კომპლიმენტების ამარა.

ჩემმა მეგობარმა ალექსმა მითხრა გუშინ გულდაწყვეტით და ღიმილით: ეეე, მაინც გოგო ხარ შენო:)- აქამდე რა ეგონა არ ვიცი:) თუმცა, მთლიანად გავაცნობიერე რასაც გულისხმობდა: არსებობს საკითხები, სადაც ის უბრალოდ კაცივით აზროვნებს, მე ქალივით და რაშიც ვერასდროს შევთანხმდებით. თუმცა სადაოც არაფერია, უბრალოდ სხვადასხვა ვართ და მორჩა… ვერასდროს შევეშვები ვიტრინებში საკუთარი თავის თვალიერებას, ვერც ბიჭების აღფრთოვანებული მზერების კოლექციის შეგროვებას, ვერც გაუთავებელ უაზრო ფიქრებს-იმას უფრო ვუყვარვარ თუ მე… მაინც ქალი ვარ…:)

მაგრამ როგორც ქალსაც და როგორც ადამიანსაც, მეც მინდა უამრავი ადამიანის გაცნობა, მათ ტყავში გახვევა და უთვალავი ჭრელი გრძნობის ჩემს საცერში გატარება და შესრუტვა. მინდა ადამიანებმა გამაფერადონ და მე ისინი გავაფერადო. მინდა ვიგრძნო რას გრძნობს ქალიც, კაციც, ბავშვიც, მოხუციც და ყველა ერთად.

იქნებ ცხოვრება სინამდვილეში არ შედგება დიდი მისიებისგან და მათი შესრულების მცდელობისგან. იქნებ ცხოვრების აზრი ალვის ხის ტოტებში გაბლანდულ თეთრ მზეშია, ერთ მსუბუქ საღამოშია სადმე სოფელში ბალახზე, ან დილამდე ცეკვაა ბერლინის რომელიმე კლუბში…  ან იქნებ საყვარელი ადამიანის სუნთქვის მოსმენაა მთელი ღამე, იქნებ ღრუბლებში დანახული პატარა ნახატია და არა მიზნების და დიადი ოცნებების უაზრო ხროვა? თითქოს ზურგზე დიდი ტომარა მაქვს მოკიდებული და ასეთ პატარა ბედნიერებებს ვაგროვებ, ჩამიყარეთ ბედნიერება, არ მოგერიდოთ…:) თუ ტკივილი შემოყვება, იმასაც ავიღებ, ვიგრძნობ და მერე დაძენძილი ტომრის ნახვრეტში გაძვრება და დავარდება…

There’s nothing you can do that can’t be done.

Nothing you can sing that can’t be sung.

Nothing you can say but you can learn how to play the game

It’s easy…

There’s nothing you can make that can’t be made.

No one you can save that can’t be saved.

Nothing you can do but you can learn how to be you

in time – It’s easy.

All you need is love,  all you need is love…

7 thoughts on “ადამიანები 2

  1. ხოოო:))) ნანახი მქონდა მაინც და მაინც ეს სერია:))) ეგ გაფერადებაც მინდა, რა პრობლემაა:)))

  2. რომ იცოდე როგორ მომეწონე….აწი ხშირად შემოვიხედავ და სიახლეებს დაველოდები…შენგან ძალიან დიდი ემოცია,სითბო და სიყვარული მოდის,რომელიც გადამდებია და კითხვისას გავსებს..გათბობს….
    ეს წერილი განსაკუთრებით მომეწონა…
    ,, თითქოს ზურგზე დიდი ტომარა მაქვს მოკიდებული და ასეთ პატარა ბედნიერებებს ვაგროვებ, ჩამიყარეთ ბედნიერება, არ მოგერიდოთ…:) თუ ტკივილი შემოყვება, იმასაც ავიღებ, ვიგრძნობ და მერე დაძენძილი ტომრის ნახვრეტში გაძვრება და დავარდება…” არა,მართალა ძალიან,ძალიან,ძალიან კარგად წერ….მადლობა ასეთი სიამოვნებისთვის…..

  3. emociebit savsem gijivit vixetiale sheni sulis dzaxilshi… da ai movagwie “leave a reply”-s romelic yvelas mxolod ertsa da imaves gvtxovs.. arada ra usamartlobaa,,, yvelas xom sxvadasxva shtabechdileba gvrcheba… me minda rom dausruleblad wero… ra vqna egoisti var,, magram aba tavs rogor avukrdzalo aseti siamovnebis dausruleblad gancda? sheudzlebelia shens nawershi romelime gansakutrebuli nawili gamovyo radgan yvela gansakutrebulia… madloba arsebobistvis…

დატოვე კომენტარი